20 November, 2005

ანა კალანდაძე

ფეხი დამადგით. . .


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
-ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო,
მიუტევები,
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე"...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქმნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
-გულზე დამადგით, ფეხი დამადგით,
გულზე ყოველთა....

მუხრან მაჭავარიანი


საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა.


ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.


ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.


მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.


- წვიმა რა არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი!
სულხან საბას აკანკალებს რა?!
- რამ დაასველა?!
- რამ დათეთრა?!
- რა აკანკალებს?!


საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..



...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!


დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).


- რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.


- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.


ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.


ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

* * *

მიწავ ჩემო


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ-კახეთო,
მესხეთ-ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!

შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იციდ გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!
* * *

გოდება ცოტნესი

(უკვე ღრმად მოხუცისა)
ციკლიდან „მონღოლის უღელი“


ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

* * *

უნდა იცოდე

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,
ის როცა ფიქრობს -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე -
შენი ერთგული კაცია იგი!

* * *

შენ, სისხლო ჩემო

შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო…
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, 
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია, 
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი…
ხანძთა… 
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია…
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია…
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო…
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ 
კიდევ ხმაურობ.

* * *

ვინც იყო, იგი რომ არა...
პატარა ვანოს


დრო არი, ჩემო პატარავ,
იცოდე ერთი ამბავი:
ედემის როა ბადალი -
დღეს საქართველოს მთა-ბარი.

ბეღელში როა ხორბალი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება საწყალი.

მზე რომ ამოდის წითელი,
ტყიდან რომ გვიხმობს ძახველი,
რომ ჟღუტულებენ ჩიტები, -
ზამთრობით მოცახცახენი...

და, წყალია თუ დანდური,
და, ხიდია თუ ძახველი,
რაც მთავარია, ქართული
დღესაც რომ ჰქვია სახელი.

კვლავაც რომ იკვრის ფანდური,
კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი,
რომ ლაპარაკობ ქართულად - 
ქართულ სკოლაში ნასწავლი.

კარგს რომ გვიქადის მომავალს, - 
შენი ბეჯითი გარჯანი! -
ვინც იყო! -
იგი, რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

ფარნავაზ მეფე რომ არა, -
ვინც ჩვენი სრულყო ანბანი.
შოთა რუსთველი რომ არა, -
ვინც არი ჩვენი ლამპარი.

მოციქულთ სწორი რომ არა, -
ოთხგან აღმართა მან ჯვარი.
მღვდელი თევდორე რომ არა,
(მტერმა აკუწა საწყალი).

ორბელიანი რომ არა, -
საქართველოსთვის დამწვარი.
პატარა კახი რომ არა, - 
ყველა მომხდურის თავზარი.

მეფე დიმიტრი რომ არა!
ძმანი რომ არა! - 
ცხრა ძმანი!
მოკლედ: -
სისხლის ღვრა რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

კვლავაც თუ გვინდა ქართველი
ლაპარაკობდეს ქართულად,
თუ გვინდა, იყოს კვლავ ჩვენი
ეს არემარე ხატულა.

თუ გვინდა, მხარეს მშვენიერს
კვლავ ჩვენი ერქვას სახელი,
თუ არ გვსურს, ძენი ჩვენივე
ჩვენი რომ გახდნენ მძრახველნი.

უნდა უკვირდეს მტერს ჩვენიც,
ვით პაპის სიმხნე უკვირდა,
თუ გვინდა, -
გევრქვას ქართველი!
რაც უნდა გვსურდეს!
თუ გვინდა!
 
* * *

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი:
იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.


ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.


       

- არაყი?
- ლუდი!
- ერთი?
- ერთი!
- ინებეთ!
- გმადლობთ!
ვჯდები კუთხეში...
გარეთ წვიმს...
. . .
გნატრობ...

კონსტანტინე გამსახურდია

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

უცნობის პასუხი ამ ლექსზე.

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
. . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,

კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი


თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
დაცხრა კოჯორი და ტახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

დათო ევგენიძე

* * *

გეუბნები რომ მიყვარხარ
მეასეჯერ!
მე ასე ჯერ
არასოდეს მყვარებიხარ!

* * *

მე მომენატრე ,
თვალი დავხუჭე და შენ გინატრე
და ასე დავრჩი თვალდახუჭული...

* * *

შენ შენი სახლი გაქვს,
შენი შენობა მე უშენობა
სიშორე შენი
შენ ის ქუჩები ძლიერ გშვენიან
ქალაქი, შუაზე გამსკდარი სენით.
პარიზი უკვე ჩემი სენია,
გწერ პირველ წერილს
შენ, მამაშენი.

* * *
თუ მე ვარ მიყ
და შენ მიყ ხარ,
ესე იგი
მიყ-ვარ-ხარ,


* * *
მომე ხმა რე
მომეხმარე...

* * *

ცა მეტია
ვიდრე
ცამეტი...

* * *

თუ კი რამე გაქვს სათქმელი ცუდი
ნუ დამირეკავ...
ნუ დამირეკავ...
ქუჩაში გადი,
გააჩერე მანქანა,
ანდა...
მეტროში ჩადი...
ხალხით გაჭედილ მეტროში ჩადი...
სანამ შენ მოხვალ,
იქნებ ის ცუდი
ცუდი აღარ იყოს...
ცუდის სათქმელად ნუ დამირეკავ,
შენ თვითონ მოდი...
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის...
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე...
სილაღე...
ცეცხლი...
ნაცარი...

წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა...
ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს-
ბედნიერება ქვია სახელად!...