11 December, 2005

აკაკი შანიძე

ქართული ეროვნული ჰიმნი
(ალიფაშას ხმაზე)


აბა ფხიზლად ქართველებო,
მივჰყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,
ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ
ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
და ნუ ვაღებთ დარიალსა!

მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ
ჩვენი ქვეყნის მთა და ველი,
მზით დამწვარი ჰიჯაზელი,
გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი,
ბერძენი თუ რომაელი,
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა
ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.

იყო დრო , რომ მმართველობა,
სამართალი გვქონდა სხვისი,
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები
გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯერ დარბეულა
ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით
- სული გვახლდა შოთაისი.

სად არ დგმულა ჩვენი ფეხი?
სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს-
ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გაკვირვებულთ
ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი
ვისლა დღესაც არის მღვრია.

ოთხი დიდი სახლმწიფო
მოგვიჭამ-დაგვიცვეთია:
სადღა არის ძველი რომი, ან
ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ,
დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები?
სხვების ბედიც აგეთია!

ამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია
როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ,
მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ
ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ
ჩვენს ტკბილ მრავალ-ჟამიერსა.

სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და
რიონ-მტკვარი.
სანამ თავზე მცველად გვადგას
ცივ- გომბორი,ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა,არც მოკვდება
საქართველო მოცინარი,
მეტად აღარ შემცირდება მისი
სივრცე, მისი მზღვარი.

აბა ფხიზლად ქართველებო,
მივჰყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,
ცავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ
ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!

5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი.

აკაკი

მუხამბაზი

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ.
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია!
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე! მოიფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!..

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალ-წინ არი,
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
ვეხეტები გზა-და-კვალ აბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ! ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

* * *

როტშილდისა ქონება მე, შექსპირისა გონება მე,
ყველაზედ - უფროსობა,
შენი კი - მონობა მე!

შევარდნისა ფრენა მე! ბულბულისა სტვენა მე!
და შენგამო, შენგან მე -
ტკბილი ცრემლის დენა მე!

სხვა ვინატრო რაღა მე, რაღა დღე და რა ღამე!
როცა შენმა სიშორემ
გულის დამიდაღა მე!

* * *

არც მყვარებია, არც მიყვარს,
არც მდომებია, არც მინდა,
არც მწამებია, არცა მწამს
შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა!

ზვიად გამსახურდია

ალბათ თითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა,
მერ ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე.
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?
ზეცად წასულს, უკან მოგყვა ლოცვა - ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად.
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს.
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს,
თუმცა შუბლზე სამარცხვინო დაღი მინდა დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს, ქვეყნად ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენად ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

1992 წლის 7 იანვარი.

მურმან ლებანიძე

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანეთელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,

რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე – ბატონი...
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

1969

ირაკლი აბაშიძე

ხმა კატამონთან
(წიგნიდან პალესტინა, პალესტინა)

“ – ო ენავ, ჩემო, დედაო ენავ,
შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენო ქვათა და კირთა,
შენ, ერთი შემრჩი სამარის პირთან.

ნათესავს ათასს, მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს, მტერთა და ძმათა
დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა:
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად.

თუ რა მზე მწვავდა, თუ რა მზე მწამდა,
უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო,
შენ ყოვლის მთქმელო, ყოვლის არმთქმელო,
შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.

ქვესკვნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო,
ხან ფუნჯო ჩემო, ხან საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის . . .
იბერის ენავ, ენავ თამარის. . .
შენ, ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!

დაეცეს, იქნებ, სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ ყველა ყმა ველად,
დაედოს მტერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს?

ო ენავ, ჩემო, დედაო ენავ,
შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კორო ჩვენო ქვათა და კირთა,
შენ, ერთი შემრჩი სამარის პირთან.

გიორგი ლეონიძე

არ დაიდარდო, დედაო!


ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა ქართველი, რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი. . .

ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი, საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდე საქართველოში იწურებოდეს მტევანი . . .


მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით, დამალეთ ჩემი სამარი,
თუ მტერმა გკითხოს, უთხარით, კრემლშია სტალინთან არი!

და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ არ ვიყავ ჯაბანი,
იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ სტალინის მამა-პაპანი!

ცხრა ძმამ მეათედ მიმიღეს, პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს დამხურეს მუზარადები.


თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!

ლადო ასათიანი

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქარველი არა,
ის შეიძლება,ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ,წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს!
ჩვენ,შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! 


   

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!"

დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლებიარ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით,თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი
შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაიათანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება!

"ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი".

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა!


   

 კრწანისის ყაყაჩოები

ჰეი,თქვენ,არაგველებო,გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკვა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო,ჭრილობა ხომ არ შეგეხსნია ?!
ეს სისხლი არის,თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია ?!
შავჩოხიანო ვაჟებო,ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა ?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა ?!
იქნებ,მე თვალი მატყუებს,ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა ?!
ჰეი,თქვენ, არაგველებო,გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

20 November, 2005

ანა კალანდაძე

ფეხი დამადგით. . .


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
-ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო,
მიუტევები,
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე"...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქმნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
-გულზე დამადგით, ფეხი დამადგით,
გულზე ყოველთა....

მუხრან მაჭავარიანი


საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა.


ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.


ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.


მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.


- წვიმა რა არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი!
სულხან საბას აკანკალებს რა?!
- რამ დაასველა?!
- რამ დათეთრა?!
- რა აკანკალებს?!


საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..



...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!


დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).


- რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.


- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.


ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.


ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

* * *

მიწავ ჩემო


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ-კახეთო,
მესხეთ-ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!

შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იციდ გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!
* * *

გოდება ცოტნესი

(უკვე ღრმად მოხუცისა)
ციკლიდან „მონღოლის უღელი“


ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

* * *

უნდა იცოდე

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,
ის როცა ფიქრობს -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე -
შენი ერთგული კაცია იგი!

* * *

შენ, სისხლო ჩემო

შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო…
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, 
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია, 
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი…
ხანძთა… 
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია…
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია…
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო…
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ 
კიდევ ხმაურობ.

* * *

ვინც იყო, იგი რომ არა...
პატარა ვანოს


დრო არი, ჩემო პატარავ,
იცოდე ერთი ამბავი:
ედემის როა ბადალი -
დღეს საქართველოს მთა-ბარი.

ბეღელში როა ხორბალი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება საწყალი.

მზე რომ ამოდის წითელი,
ტყიდან რომ გვიხმობს ძახველი,
რომ ჟღუტულებენ ჩიტები, -
ზამთრობით მოცახცახენი...

და, წყალია თუ დანდური,
და, ხიდია თუ ძახველი,
რაც მთავარია, ქართული
დღესაც რომ ჰქვია სახელი.

კვლავაც რომ იკვრის ფანდური,
კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი,
რომ ლაპარაკობ ქართულად - 
ქართულ სკოლაში ნასწავლი.

კარგს რომ გვიქადის მომავალს, - 
შენი ბეჯითი გარჯანი! -
ვინც იყო! -
იგი, რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

ფარნავაზ მეფე რომ არა, -
ვინც ჩვენი სრულყო ანბანი.
შოთა რუსთველი რომ არა, -
ვინც არი ჩვენი ლამპარი.

მოციქულთ სწორი რომ არა, -
ოთხგან აღმართა მან ჯვარი.
მღვდელი თევდორე რომ არა,
(მტერმა აკუწა საწყალი).

ორბელიანი რომ არა, -
საქართველოსთვის დამწვარი.
პატარა კახი რომ არა, - 
ყველა მომხდურის თავზარი.

მეფე დიმიტრი რომ არა!
ძმანი რომ არა! - 
ცხრა ძმანი!
მოკლედ: -
სისხლის ღვრა რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

კვლავაც თუ გვინდა ქართველი
ლაპარაკობდეს ქართულად,
თუ გვინდა, იყოს კვლავ ჩვენი
ეს არემარე ხატულა.

თუ გვინდა, მხარეს მშვენიერს
კვლავ ჩვენი ერქვას სახელი,
თუ არ გვსურს, ძენი ჩვენივე
ჩვენი რომ გახდნენ მძრახველნი.

უნდა უკვირდეს მტერს ჩვენიც,
ვით პაპის სიმხნე უკვირდა,
თუ გვინდა, -
გევრქვას ქართველი!
რაც უნდა გვსურდეს!
თუ გვინდა!
 
* * *

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი:
იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.


ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.


       

- არაყი?
- ლუდი!
- ერთი?
- ერთი!
- ინებეთ!
- გმადლობთ!
ვჯდები კუთხეში...
გარეთ წვიმს...
. . .
გნატრობ...

კონსტანტინე გამსახურდია

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

უცნობის პასუხი ამ ლექსზე.

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
. . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,

კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი


თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
დაცხრა კოჯორი და ტახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

დათო ევგენიძე

* * *

გეუბნები რომ მიყვარხარ
მეასეჯერ!
მე ასე ჯერ
არასოდეს მყვარებიხარ!

* * *

მე მომენატრე ,
თვალი დავხუჭე და შენ გინატრე
და ასე დავრჩი თვალდახუჭული...

* * *

შენ შენი სახლი გაქვს,
შენი შენობა მე უშენობა
სიშორე შენი
შენ ის ქუჩები ძლიერ გშვენიან
ქალაქი, შუაზე გამსკდარი სენით.
პარიზი უკვე ჩემი სენია,
გწერ პირველ წერილს
შენ, მამაშენი.

* * *
თუ მე ვარ მიყ
და შენ მიყ ხარ,
ესე იგი
მიყ-ვარ-ხარ,


* * *
მომე ხმა რე
მომეხმარე...

* * *

ცა მეტია
ვიდრე
ცამეტი...

* * *

თუ კი რამე გაქვს სათქმელი ცუდი
ნუ დამირეკავ...
ნუ დამირეკავ...
ქუჩაში გადი,
გააჩერე მანქანა,
ანდა...
მეტროში ჩადი...
ხალხით გაჭედილ მეტროში ჩადი...
სანამ შენ მოხვალ,
იქნებ ის ცუდი
ცუდი აღარ იყოს...
ცუდის სათქმელად ნუ დამირეკავ,
შენ თვითონ მოდი...
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის...
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე...
სილაღე...
ცეცხლი...
ნაცარი...

წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა...
ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს-
ბედნიერება ქვია სახელად!...