20 November, 2005

ანა კალანდაძე

ფეხი დამადგით. . .


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
-ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო,
მიუტევები,
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე"...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქმნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
-გულზე დამადგით, ფეხი დამადგით,
გულზე ყოველთა....

No comments: