25 February, 2006

იოსებ ნონეშვილი

ღმერთი და ხელები 

ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი...

შ. ნიშნიანიძე

პატარა გოგოს მამიკო უყვარს

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე!
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზარს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
-მამიკო მოდის...-მამიკო მოდის!
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
-რა მომიტანე?-წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო რას არ ითმენს,
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ქვია თმები).
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო მუდამ აცინებს გოგოს.
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალობენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?
ვეღარ მონახა მამიკომ ქუდი?
-მამიკო მიდის!
-მამიკო მიდის!
ასტეხავს განგაშს ხმა მოტიტინე.
და იმუქრება პაწია თითით
-მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ!
***
სულგანაბულა პატარა ბინა,
თიჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად.
ნუღარ უწყრები, დედიკო, ნუღარ,
თვალები ისევ ცრემლით აქვს სველი,
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის!

ბესიკი

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო,
ზილფო, მკლავებო, მომკლავებო, ვერსაკრავებო,
წარბ-წამწამ თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ძოწ -ლალ- ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო,
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობად, დამამწარებო!
ალვაო გეხსნეს, ორნო ნორჩნი, მოსარხეველნი.
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს, ქვეყანად მვლელნი.
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი უცხო ვარებო,
ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო.
თვალთა სურიან ხოლვა შენი, კეკელა მარდო.
გულს სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არავისი მსურს, შევიზარებო,
შენმა გონებამ მიმასგავსა მილეულ მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი, სიკვდისა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს.
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჰ სიცოცხლეო, უკუღმართო, დანაცარებო!