11 December, 2005

ლადო ასათიანი

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქარველი არა,
ის შეიძლება,ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ,წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს!
ჩვენ,შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! 


   

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!"

დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლებიარ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით,თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი
შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაიათანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება!

"ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი".

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა!


   

 კრწანისის ყაყაჩოები

ჰეი,თქვენ,არაგველებო,გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკვა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო,ჭრილობა ხომ არ შეგეხსნია ?!
ეს სისხლი არის,თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია ?!
შავჩოხიანო ვაჟებო,ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა ?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა ?!
იქნებ,მე თვალი მატყუებს,ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა ?!
ჰეი,თქვენ, არაგველებო,გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

No comments: