20 November, 2005

მუხრან მაჭავარიანი


საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა.


ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.


ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.


მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.


- წვიმა რა არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი!
სულხან საბას აკანკალებს რა?!
- რამ დაასველა?!
- რამ დათეთრა?!
- რა აკანკალებს?!


საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..



...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!


დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).


- რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.


- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.


ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.


ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

* * *

მიწავ ჩემო


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ-კახეთო,
მესხეთ-ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!

შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იციდ გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!
* * *

გოდება ცოტნესი

(უკვე ღრმად მოხუცისა)
ციკლიდან „მონღოლის უღელი“


ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

* * *

უნდა იცოდე

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,
ის როცა ფიქრობს -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე -
შენი ერთგული კაცია იგი!

* * *

შენ, სისხლო ჩემო

შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო…
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, 
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია, 
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი…
ხანძთა… 
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია…
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია…
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო…
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ 
კიდევ ხმაურობ.

* * *

ვინც იყო, იგი რომ არა...
პატარა ვანოს


დრო არი, ჩემო პატარავ,
იცოდე ერთი ამბავი:
ედემის როა ბადალი -
დღეს საქართველოს მთა-ბარი.

ბეღელში როა ხორბალი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება საწყალი.

მზე რომ ამოდის წითელი,
ტყიდან რომ გვიხმობს ძახველი,
რომ ჟღუტულებენ ჩიტები, -
ზამთრობით მოცახცახენი...

და, წყალია თუ დანდური,
და, ხიდია თუ ძახველი,
რაც მთავარია, ქართული
დღესაც რომ ჰქვია სახელი.

კვლავაც რომ იკვრის ფანდური,
კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი,
რომ ლაპარაკობ ქართულად - 
ქართულ სკოლაში ნასწავლი.

კარგს რომ გვიქადის მომავალს, - 
შენი ბეჯითი გარჯანი! -
ვინც იყო! -
იგი, რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

ფარნავაზ მეფე რომ არა, -
ვინც ჩვენი სრულყო ანბანი.
შოთა რუსთველი რომ არა, -
ვინც არი ჩვენი ლამპარი.

მოციქულთ სწორი რომ არა, -
ოთხგან აღმართა მან ჯვარი.
მღვდელი თევდორე რომ არა,
(მტერმა აკუწა საწყალი).

ორბელიანი რომ არა, -
საქართველოსთვის დამწვარი.
პატარა კახი რომ არა, - 
ყველა მომხდურის თავზარი.

მეფე დიმიტრი რომ არა!
ძმანი რომ არა! - 
ცხრა ძმანი!
მოკლედ: -
სისხლის ღვრა რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!

კვლავაც თუ გვინდა ქართველი
ლაპარაკობდეს ქართულად,
თუ გვინდა, იყოს კვლავ ჩვენი
ეს არემარე ხატულა.

თუ გვინდა, მხარეს მშვენიერს
კვლავ ჩვენი ერქვას სახელი,
თუ არ გვსურს, ძენი ჩვენივე
ჩვენი რომ გახდნენ მძრახველნი.

უნდა უკვირდეს მტერს ჩვენიც,
ვით პაპის სიმხნე უკვირდა,
თუ გვინდა, -
გევრქვას ქართველი!
რაც უნდა გვსურდეს!
თუ გვინდა!
 
* * *

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი:
იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.


ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.


       

- არაყი?
- ლუდი!
- ერთი?
- ერთი!
- ინებეთ!
- გმადლობთ!
ვჯდები კუთხეში...
გარეთ წვიმს...
. . .
გნატრობ...

5 comments:

Khatia Caroline said...

hallo

Unknown said...

ი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება

Unknown said...

ი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება

Unknown said...

ი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება

Unknown said...

ი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება