25 February, 2006

შ. ნიშნიანიძე

პატარა გოგოს მამიკო უყვარს

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე!
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზარს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
-მამიკო მოდის...-მამიკო მოდის!
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
-რა მომიტანე?-წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო რას არ ითმენს,
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ქვია თმები).
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო მუდამ აცინებს გოგოს.
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალობენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?
ვეღარ მონახა მამიკომ ქუდი?
-მამიკო მიდის!
-მამიკო მიდის!
ასტეხავს განგაშს ხმა მოტიტინე.
და იმუქრება პაწია თითით
-მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ!
***
სულგანაბულა პატარა ბინა,
თიჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად.
ნუღარ უწყრები, დედიკო, ნუღარ,
თვალები ისევ ცრემლით აქვს სველი,
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის!

1 comment:

fetxoven said...

chemi bavshvobis sakvareli leksi.
mamachemi momenatra :))))