ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო,
ზილფო, მკლავებო, მომკლავებო, ვერსაკრავებო,
წარბ-წამწამ თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ძოწ -ლალ- ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო,
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობად, დამამწარებო!
ალვაო გეხსნეს, ორნო ნორჩნი, მოსარხეველნი.
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს, ქვეყანად მვლელნი.
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი უცხო ვარებო,
ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო.
თვალთა სურიან ხოლვა შენი, კეკელა მარდო.
გულს სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არავისი მსურს, შევიზარებო,
შენმა გონებამ მიმასგავსა მილეულ მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი, სიკვდისა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს.
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჰ სიცოცხლეო, უკუღმართო, დანაცარებო!
No comments:
Post a Comment